საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა
14:21 / 23.05.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
საქართველოში „Massimo Dutti“-ის წარმომადგენლის
წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები,
რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით
უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს.
კერძოდ, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა
ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის დროს 11
970 ლარის ღირებულების საქონელზე არ იქნა გამოყენებული საკონტროლო
სალარო აპარატი და არ გამოიწერა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები.
შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით
გათვალისწინებული სანქცია. ამასთანავე, ინვენტარიზაციის პროცედურის
დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების
საქონელი, რომელიც საქართველოში „Massimo Dutti“-ის წარმომადგენლის
დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ
ნიშანდებული.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი
ამოღებული იქნა სამოქალაქო ბრუნვიდან, ხოლო, საქმის მასალები,
შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
წყარო:
rs.ge