ინფორმაციას გადავამოწმებთ, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან — ზალკალიანი დავითგარეჯაზე
14:09 / 24.05.2019
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
აცხადებს, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან
დაწყებული სამუშაოების
შესახებ ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას
ამოწმებენ; იგი ყველას მოუწოდებს, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი
შეიკავონ.
ჟურნალისტების კითხვაზე, იცის თუ არა დაზუსტებით, რა ხდება
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ჩიჩხიტურის მონასტერთან, — ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელებში
ადგილობრივმა გიდმა დაწერა, რომ აზერბაიჯანს ამ მონასტრისკენ გზა
გამოჰყავდა, — ზალკალიანმა უპასუხა:
„ამ წუთებში ვრცელდება ეს ინფორმაცია, მეც ახლა გავიგე საინფორმაციო
საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ თქვენ
იცით, რომ ამ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს
[საზღვრის] დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა, დღეს და ხვალ
არის დაგეგმილი ამ კომისიის მუშაობა. ყველა ინფორმაცია, რა თქმა უნდა,
გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში“.
ზალკალიანმა ყველას მოუწოდა, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი
შეიკავონ: „აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან
გამომდინარე ყველა ეს საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში, რადგან
კომისია არის მოწადინებული იმისთვის, რომ საკითხების მოგვარება მოხდეს
ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობებიდან
გამომდინარე“.