გორში პოლიციის მანქანა არასრულწლოვანმა გაიტაცა, ის უკვე დაკავებულია – შსს
პოლიციამ გორის რაიონის სოფელ ორთაშენში დააკავა არასრულწლოვანი, რომელსაც პოლიციის მანქანის გატაცება ედება ბრალად. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. შსს-ს ცნობით, გენ. ინსპექცია იძიებს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის განცხადებასაც, რომელიც პოლიციას ფაქტის გადაღების დროს ძალადობაში ადანაშაულებს.

უწყების თანახმად, დაკავებული 2001 წელს არის დაბადებული, წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. სამინისტროს განცხადებით, 10 ივნისს, გამთენიისას, გორში მიმდინარე ოპერატიული ღონისძიების დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული პოლიციის ავტომობილში ჩაჯდა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალზე დიდი სისწრაფით გავიდა.

“მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს”, – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის მუხლით სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამთენიისას მომხდარის გადაღებას Qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ცდილობდა. მისი თქმით, ამ დროს ათამდე პოლიციელი დაესხა თავს და ცდილობდა მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. საბა წიწიკაშვილმა პოლიციის ამოყირავებული ავტომობილის გადაღება შორიდან მაინც შეძლო. შსს აცხადებს, რომ მომხდარზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

წყარო: ნეთგაზეთი
Print