იძულებითი და ადრეული ქორწინების პრობლემა და მისი დაძლევის გზების ძიება
დისკუსიის ფარგლებში მცირე მოხსენებებს გააკეთებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და ადგილობრივი თემის აქტივისტები. ადგილობრივ თემთან შეხვედრა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მათი ხედვის, საჭიროებების და წუხილების გაზიარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

უკვე რამდენიმე წელია ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტები და ორგანიზაციები გოგონათა მიმართ ძალადობის, იძულებითი და ადრეული ქორწინების პრაქტიკებზე უთითებენ. ბოლო პერიოდში ლაგოდეხსა და საგარეჯოში გამოვლენილმა ძალადობის მძიმე შემთხვევებმა ეს გამოწვევა კვლავ საჯარო ინტერესის და დისკუსიის საგანი გახადა.

სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ამ პრაქტიკებზე სახელმწიფოს რეაგირება კვლავ სუსტი და არაეფექტიანი რჩება. იძულებითი და ადრეული ქორწინების არსებული პრაქტიკები სახელმწიფოს მხრიდან სამართალდაცვითი კუთხით მუშაობის მიღმა, ტრანსფორმაციული სოციალური პოლიტიკის გატარებას საჭიროებს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სოციალური და ეკონომიკური ჩამორჩენა, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა და ამ ფონზე დასაქმების და განვითარების დაბალი შესაძლებლობები ადრეული ქორწინების სტრუქტურულ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ.

შესაბამისად, არსებითია თემის და ტრადიციების ‘დადანაშაულების’ რიტორიკა სოციალური პოლიტიკის ცვლილებების აუცილებლობის რიტორიკით ჩანაცვლდეს. დისკუსიის ფარგლებში პოლიციის, სოციალური მომსახურების ორგანოების, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორების დღის წესრიგზე, პოლიტიკასა და საქმიანობის სტრატეგიებზე ვიმსჯელებთ და კრიტიკულ შეკითხვებს დავსვამთ.

დისკუსია გაიმართება 18 ივნისს 14:00 საათზე ქალაქ მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი გიორგაძის ქუჩა #1).

შეხვედრა იმართება ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქვემო ქართლსა და პანკისში ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკული პოლიტიკური ცოდნისა და მონაწილეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაში თქვენი მონაწილეობა და დისკუსიის შესახებ ინფორმაცია გაუზიაროთ თქვენს კოლეგებსა და რელევანტურ ადმინისტრაციულ ორგანოებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები