მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მამაკაც მრევლს მოუწოდებს, ლევან ვასაძეს შეურთდნენ
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი მამაკაც მრევლს მოუწოდებს, ლევან ვასაძეს შეურთდნენ.

"მოგმართავთ ჩემს სამწყსოს, კერძოდ კაცებს, ვისთვისაც ღმერთი, სამშობლო და ადამიანის ღირსება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, შეუერთდეს ლევან ვასაძის წამოწყებულ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სოდომისტურ-აღვირახსნილი მოძრაობის ალაგმვას” - ნათქვამია მიმართვაში.

ვერის ბაღში გამართულ "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" ძალადობრივი დაჯგუფების ორგანიზატორმა ლევან ვასაძემ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმების" შექმნა დააანონსა. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და "იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად". ვასაძე ამბობს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს".

ვერის ბაღში "სახალხო რაზმებში" უკვე ეწერებიან სიძულვილის ჯგუფები. რაზმები დაიყოფა "ათეულებად - ათისთავებით, ასეულებად - ასისთავებით და ათასეულებად - ლეგიონად".

"ათისთავს ცალ ხელზე ეკეთება თეთრი ხელსახოცი, ასისთავს ორ ხელზე, ათასისთავი რავიცი, თავზე წაიკრავს, რიგითს კი არაფერი ეკეთება, მე რიგითი ვიქბები" - თქვა ლევან ვასაძემ.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

14 ივნისს აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ.

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

თბილისი პრაიდი 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები