შსს: დავიწყეთ გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვაგვარ საქმიანობას გულისხმობს.

ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნის — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

ამაზე პასუხად შსს-მ 17 ივნისს დილას განაცხადა, რომ „დაუშვებელია კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება“ და „საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა“.

შესაბამისად, — წერს შსს, — „როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება“.

ვასაძემ 16 ივნისის გამოსვლაში ახსენა ქვიარ აქტივისტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის შესაძლო მკვლელობაც, რაც, მისი თქმის, მას უნდა დააბრალონ და თქვა, რომ ეს ინფორმაცია „უშიშროების ოფიცრებისგან“ ჰქონდა. შსს-ის განცხადებაში ამ ნაწილზე არაფერია ნათქვამი. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ნაწილზე გამოძიებას.

წყარო: ნეთგაზეთი
Print