მელიას 6-დან – 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ნიკა მელიას, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ სამართლებრივი დევნა დაიწყო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან – 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”.

225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას ნიშნავს.

ამ მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს:

ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

მეორე მუხლი კი გულისხმობს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.

წყარო: ნეთგაზეთი
Print