შსს-მ დოლაბაურის ქუჩაზე არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის”
დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს, - ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”
თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით
აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე
მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს
დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა”, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების
წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.