არაა გამორიცხული, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 11-ის გარდა სხვა დამნაშავეც გამოვლინდეს — შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც დაიწყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, საქმეში ბავშვების მშობლებიც არიან გარეული. საუბარია 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვან გოგოზე. შსს აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

ვლადიმერ ბორცვაძემ ტვ პირველის ეთერში 19 სექტემბრის საღამოს დაადასტურა, რომ საგამოძიებო ღონისძიებები გორში, ლანჩხუთსა და თბილისში ჩატარდა, ფოტოსტუდიები კი თბილისში, ორ ადგილას იყო მოწყობილი. ბორცვაძემ ასევე დაადასტურა, რომ 11 ადამიანიდან სამნი ერთი ოჯახის წევრები არიან.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რა მტკიცებულებებიც არის შეგროვებული, მიუთითებს ერთადერთ რაღაცას, რომ ეს ადამიანები [მშობლები და ნათესავი] ნებაყოფლობით თანხმდებოდნენ დანაშაულის ორგანიზატორებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მიეყვანათ არასრულწლოვნები და ჩაებათ ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში“, — თქვა მან.

დაკავებული 11-დან ერთი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი — ავსტრალიის, 9 მათგანი კი – საქართველოს მოქალაქე. მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-ს ვერსიით, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

„დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აშშ-ის მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა“, — წერს პოლიცია.

„დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები“, — აცხადებს შსს. ბორცვაძის თანახმად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბავშვების ინტერესი დაცული იყოს.

ნახეთ დეტალურად:

Print