სიახლე
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სამუშაო პროცესი შეუჩერდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა — შრომის ინსპექცია
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ცნობით, ხარაგაულში გვირაბის მშენებლობისას დაღუპული მუშის საქმეზე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტი 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

უწყების ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედნზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.

შრომის ინსპექციის განცხადებით, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედ ფილიალს არაერთხელ დაეკისრა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშას მანქანა დაეჯახა და ადგილზე მოკლა. შემთხვევა 7 ოქტომბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 276-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია