2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება. უწყებაში ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა ამ პრობლემასთან საბრძოლველად საზოგადოების ინფორმირების ნაკლებობაა.

მათი თქმით, უმეტესად სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაციას შემთხვევიდან რამენიმე თვეში აწვდიან, რაც ართულებს ეფექტიან გამოძიებას. აქედან გამომდინარე უწყება აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას — ნუ წაართმევ ბავშვობას.

შსს-ში განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთან. მათი თქმით, კამპანიის ფარგლებში დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ.

უწყების განცხადებით, შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციელები, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის — გენდერული თანასწორობისათვის ფარგლებში ხორციელდება.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები