ომბუდსმენი სასულიერი პირების მხრიდან სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტების გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების ნიშნებს და სამართალდამცველ ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

“ბოლო დღეების განმავლობაში ცალკეული სასულიერო პირები მედიის საშუალებით აჟღერებენ ინფორმაციას, რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ეს ქმედებები შესაძლოა ჩადენილი იყოს არასრულწლოვანთა მიმართაც. მინდა განვმარტო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც 2000-იანი წლებიდან საფრანგეთში საქმიანობს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს 1980-იანი წლების ბოლოს სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მიტროპოლიტი ზოსიმე სასულირო სასწავლებლის პირველი რექტორი იყო, რომელიც თბილისში 1988 წელს გაიხსნა. თავად მიტროპოლიტი ბრალდებებს უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print