სიახლე
რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა
რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. დამსაქმებელი კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა.

„ჩვენი ინფორმაციით, ამწეზე იყო ორი მუშა და ბაგირი გაწყდა. საბედნიეროდ ერთი მუშა გადარჩა… აქ მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობდა ხელახლა გადაღებვა,“- გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ. მისი განმარტებით, მერიას არ ევალებოდა ამწეს ტექნიკური გამართულობისა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს კონტროლი იმის მიუხედავად, რომ ეს სახლი ჯერ მერიისთვის ჩაბარებული არ არის.

განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში: „პირველადი ინფორმაციით, ხარაჩოს ბაგირია გაწყვეტილი… ჩვენი ინსპექტორები უკვე შევიდნენ ობიექტზე და დაიწყო მოკვლევის პროცედურები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია მიქაიამ, შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექციის უფროსმა შრომის ინსპექტორმა.

შრომის ინსპექციაში ასევე გვითხრეს, რომ ეს სამშენებლო ობიექტი ინსპექციას შემოწმებული არ ჰქონდა.

ამ უწყებების გარდა სამშენებლო სამუშაოებზე გარკვეულ შემთხვევებში კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უწყება ახორციელებს, თუმცა აქ თქვეს, რომ მათ უფლებამოსილებას სცდება მსგავსი შემთხვევების კონტროლი.

ამ ეტაპზე უცნობია, ასევე, მუშაობდა თუ არა ამ ობიექტზე უსაფრთხოების ინსპექტორი, რომლის ყოლაც კანონში ბოლოს შესული ცვლილებების მიხედვით სავალდებულოა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია