სასამართლომ დონალდ ტრამპს თანხების „ბოროტად გამოყენების“ გამო 2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა
ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ საქველმოქმედო ფონდში მობილიზებული თანხების პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად „ბოროტად გამოყენების“ გამო, 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით, ამერიკელი ვეტერანებისთვის ფონდში მობილიზებული თანხები დონალდ ტრამპმა 2016 წელს აიოვას შტატში ჩატარებული პრაიმერის დასაფინანსებლად გამოიყენა, რითაც თავისი „ფიდუციარული ვალდებულება დაარღვია.“

მოსამართლე სალიან სკარპულას განმარტებით, ისეთი საქველმოქმედო დაწესებულებების, როგორსაც დონალდ ტრამპი და მისი სამი შვილი ხელმძღვანელობდა, პოლიტიკაში ჩარევა არ შეიძლება და თანხა დონალდ ტრამპს საკუთარი შემოსავლებიდან უნდა გადაეხადა.

„ბატონ ტრამპს 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რომელიც ფონდში წავა, თუკი ის კვლავ იფუნქციონირებს,“- განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება დონალდ ტრამპ უმცროსს, ერიკ და ივანკა ტრამპებს, რომლებიც ასევე ტრამპის ფონდის დირექტორები იყვნენ, მათ საქველმოქმედო დაწესებულებების ოფიცრებისა და დირექტორების მოვალეობების შესახებ სავალდებული ტრენინგების გავლა დაევალათ.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო. „ უბადრუკი „დემოკრატები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრან,“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის საქველმოქმედო ფონდი 2018 წელს დაიხურა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print