10 თვის მონაცემებით, ნებართვით 282 855.4 კუბური მეტრი ხე მოიჭრა, 7241 კუბური მეტრი კი უკანონოდ არის მოჭრილი
16:14 / 08.11.2019
2019
წლის 10 თვის მონაცემებით, ჯამში გაცემული ნებართვით 282 855.4 კუბური
მეტრი ხეა მოჭრილი. მათ შორის: სხვადასხვა ინფრასტრუქტურული
საჭიროების გამო 57 742.6 კუბური მეტრი ხე;
სოციალური საჭიროებისთვის 219 251.5 კუბური
მეტრი ხე; 5861.3 კუბური მეტრი ხე კი სანიტარული მიზნით მოიჭრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ეროვნული სატყეო სააგენტოში“ გამოთხოვნილ
ინფორმაციაზე უპასუხეს, 2018 წელს ჯამში ნებართვით, 433 475.9 კუბური
მეტრი ხე არის მოჭრილი. 2017 წელს კი - 466 393.5 კუბური მეტრი.
რაც შეეხება ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, 2019 წლის 1-ლი
იანვრიდან-დღემდე ხე-ტყის უკანონო მოჭრის 1429 ფაქტია გამოვლენილი.
მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1267 ფაქტი, ხოლო
სისხლის სამართლის ნიშნების მქონე 162 ფაქტი.
ყველაზე მეტი 619 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონში, ყველაზე
ნაკლები 20 კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
რაც შეეხება თავად უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობას,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციის თანახმად,
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში, ჯამში 7241
კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ფაქტია დაფიქსირებული.
ყველაზე მეტი 3261 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში გამოავლინეს. 1042 კუბური მეტრი ხე-ტყე უკანონოდ კახეთის
რეგიონში მოჭრეს. ყველაზე ცოტა, 91 კუბური მეტრი ხე-ტყე უკანონოდ კი
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოჭრეს.