ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ის „ოცნების“ წევრია და მომავალშიც ასე იქნება
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად განუცხადა.

მისი თქმით, ის აქამდე მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ასე იქნება მომავალშიც.

„მე „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, ვიყავი და ვიქნები აუცილებლად, დღემდე არც ერთ პარტიაში არ ვიყავი. ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებში“ ვარ, მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი ვარ“, - განაცხადა გაჯიევმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციაში „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ 6 დეპუტატი იყო: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ნინო გოგუაძე, პაატა კვიჟინაძე და ზვიად ძიძიგური. დღეს ძიძიგურმა, გოგუაძემ და ბუკიამ უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეს.

რაც შეეხება მუხრან ვახტანგაძესა და პაატა კვიჟინაძეს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print