ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალ შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან
ხვალ, დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“,
– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი და ფორმატი დღეს დაზუსტდება.

„ასაკითხი ძალიან ნათელია, იმხელა შეუსაბამობაა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ჩვენ გვქონდა ამის ახსნის საშუალება ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას და ხვალ ამაზეც გაიცვლება მოსაზრებების. ამის მიღმაც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: პირველი არხი
Print