2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა
12:55 / 02.12.2019
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო
წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 სკოლა იყო, მათ შორის 2
086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.
„საქსტატი“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკურ
მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019/2020 სასწავლო წელს
წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების
რაოდენობა არ შეცვლილა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა
(17.0%) იმერეთში ფიქსირდება.
ამასთან, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს,
რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო
სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო
სკოლებში - 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო
52.1% - ბიჭი.
„2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049
მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო
59.3% - ბიჭი.
2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო
განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი,
შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს”,-აღნიშნულია „საქსტატის“
ანგარიშში.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის
დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული
იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან
შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები
შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%,
ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.