გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
11:44 / 12.12.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა
და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის. მთავრობის მეთაური
ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და
უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის
სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების
მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების
ერთობლივი განცხადებები, ასევე რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს,
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი
საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი
იმყოფებიან.