სიახლე
მარნეულის ბიუჯეტის დამტკიცებისას შელაპარაკება რელიგიური კონფესიების დაფინანსებას მოჰყვა
დღეს, 24 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს ევროპული საქართველოს დეპუტატსა და ქართული ოცნების დეპუტატებსა და მერის მოადგილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ევროპული საქართველოს წევრის ახმედ იმამკულიევის კითხვას მოჰყვა, რომელიც რელიგიური კომფესიების დაფინანსებას შეეხებოდა.

იმამკულიევი სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან არცერთი რელიგიური კონფესია არ დაფინანსებულიყო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი დაფინანსებას მაინც გადაწყვეტდა, გათვალისწინებული ყოფილიყო მარნეულში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების დაფინანსებაც.

საქმე ეხება მუნიციპალიტეტის მიერ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსებას. იმამკულიევმა სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მას, მოთხოვნის მიუხედავას, არ მიაწოდეს ჩაშლილი ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯა 2018 წელს მარნეულის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის გაცემული 360 000 ლარი.

იმამკულიევის კითხვის პასუხად მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ იმ საკითხებზე აპელირება რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველაზე ფაქიზია ლამაზი არაა.

„გასაგებია რომ თქვენ და კიდევ სხვა ორგანიზაციებს ძალიან არ მოგწონთ მარნეულის ცენტრში არსებული ეკლესია და მთაზე ჯვარი. პირდაპირ სიტყვებს ვიძახი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ და განმარტა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული შეთანხმების (კონკორდატის) საფუძველზე ხდება.

მერის მოადგილის პასუხს გამოეხმაურა ახმედ იმამკულიევი და განაცხადა, რომ მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.

ლობჟანიძეს თავდაპირველად არ ჰქონდა სურვილი რომ დაეკონკრეტებინა თუ რომელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათ „არ მოსწონთ მარენულის ცენტრში არსებული ეკლესია და მთაზე ჯვარი“, მაგრამ სამოქალაო აქტივისტის რაშან ზიადალიევის კითხვის შემდგომ მან დააკონკრეტა, რომ ესეთი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია (EMC).

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ თქვა, მერის მოადგილის პოზიცია აშკარად დაუსაბუთებელია და ის არ შეესაბამება ამ პრობლემის კონტექსტს.

„ბუნებრივია ჩვენ ვიცავთ რელიგიის თავისუფლებას, ამ საკითხზე ბევრს ვმუშაობთ და ამ საკითხზე ჩვენ საჭიროების შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გარკვეული უფლების დარღვევის ფაქტებზეც მოვახდენდით რეაგირებას, პირიქით, ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა რელიგიურ ორგანიზაციებთან არ გვაქვს თუ მათი ძალაუფლება და დომინაცია არ არღვევს ან დემოკრატიული განვითარების ლოგიკას ან სხვა ადამიანების და სოციალური ჯგუფების უფლებებს“ -განაცხადა თამთა მიქელაძემ

თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი განმარტავს, რომ ადგილობრივ ეპარქიასთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციები დაფინანსების პრაქტიკას უკავშირდება, როდესაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან სრულიად დაუსაბუთებლად, საჯარო ლეგიტიმური მიზნების გარეშე ეპარქიას ეძლევა დიდი რაოდენობით თანხა, მაშინ როდესაც, ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია.

„უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღის წინ საჯარო შეხვედრაზე მან (ლაშა ლობჯანიძემ) სრულიად უსაფუძვლო განმარტება გააკეთა იგივე კონსტიტუციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიისთვის დაფინანსების მიცემა არის მისი ისტორიული როლისათვის ხაზგასმა, რომელიც კონსტიტუციაში და კონსტიტუციურ შეთანხმებაშია წარმოდგენლი, თუმცა ბუნებრივია რომ ეს მუნიციპალურ დაფინანსებას არ გულისხმობს და მას თავისი ლოგიკა და თავისი პრობლემურობა აქვს ჩვენი სახელმწიფოს სისტემაში. ეკლესიას უნდა მიეღო მატერიალური ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოსგან და ისინი უნდა დათვლილიყო თავის დროზე თუმცა ამ სტანდარტებისა და წესების გარეშე საპატრიარქო ცენტრალური ბიუჯეტიდან ისედაც იღებს ძალიან დიდ დაფინანსებას. იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტები უამრავ ადგილობრივ საჭიროებებზე არიან ორიენტირებული და ამ საოფლებშიც ძალიან ბევრი სოციალური გამოწვევა არსებობს ჩვენ სრულიად გაუმართლებელი გვგონია რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება“ -განაცხადა თამთა მიქელაძემ

მიქელაძემ ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მათ საჯარო შეხვედრებზე არაერთხელ მოითხოვეს განმარტება თუ რა ლოგიკით ნაწილდება თანხები და რომელი რელიგიური ორგანიზაცია რა მიზნებით იღებს მას, მაგრამ მერიის მხრიდან ასეთი განმარტება არ წარმოდგენილა. EMC აპირებს ამ განმარტების გამოთხოვას მერიის მხრიდან და არ გამორიცხავს, რომ ეს ჩანაწერი ბიუჯეტში სასამართლოში გაასაჩივრონ.

რადიო "მარნეული"



რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია