საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას”, – წერს საელჩო ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანი 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავდა. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ბოლო დრომდე აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი იყო. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

დეგნანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

წყარო: ნეთგაზეთი
Print