სიახლე
მარნეულში შშმ პირთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
დღეს, 14 თებერვალს, მარნეულის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო და საბჭოს წევრებმა მუშაობის პრინციპებსა და სამუშაო შეხვედრების სიხშირესთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა შშმ პირთა საბჭოს დებულება რომლითაც განისაზღვრა, რომ ფაქტიურად, ეს საბჭო იქნება გარანტი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაცვისათვის. აქ საუბარი ეხება როგორც სოციალურ, ისე კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობას და გვინდა, რომ, პირველ რიგში, მაქსიმალურად მოვისმინოთ მათი საჭიროებები“ - გვითხრა მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ

შშმ პირთა საბჭო სულ 9 წევრისაგან დაკომპლექტდა. მასში მარნეულის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, შშმ პირები და შშმ ბავშვთა მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შევლენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძემ თქვა, რომ მარნეულში შშმ პირების არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს.

„მარნეულში არა არის რეგისტრირებული, შშმ პირების მიერ რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არცერთი არასამთავრობო არ იქნება საბჭოში წარმოდგენილი, მაგრამ ვინაიდან ამ თემატიკასთან შეხება მქონდა ჯერ-ჯერობით დავესწრები სხდომებს, არა როგორც საბჭოს წევრი, არამედ უბრალოდ მონაწილე“ - გვითხრა ოლგა ენდელაძემ

ოლგა ენდელაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, საბჭოს მთავარი ამოცანა მუშაობის პრაქტიკის განსაზღვრა და სოფლებში ინფორმირებულობის დონის გაზრდისათვის მუშაობის პრინციპის შემუშავებაა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები