სიახლე
მარნეულის მერმა ახალგაზრდული პროგრამები წარადგინა
დღეს, 14 თებერვალს, მარნეულის მერიაში 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამების წარდგენა გაიმართა. პრეზენტაცია მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა წარადგინა და ძირითადი აქცენტი გაკეთდა სტუდენტების ტრანსპორტირების დაფინანსებაზე, ახალგაზრდებისათვის ბანაკების შექმნაზე, სტუდენტების წახალისებაზე და თვითმმართველობაში სტაჟირების პროგრამაზე. ზაურ დარგალმა აღნიშნა, რომ მარნეული ახალგაზრდულ პროგრამაში ჩართვა ახალგაზრდებს უკვე შეუძლიათ.

„პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ ვიწყებთ ახალგაზრდული იდეების დაფინანსებას, ახალგაზრდების ტრანსპორტირების დაფინანსებას, ახალგაზრდული საბჭოს შექმნას, მოხალისეთა ჯგუფის შექმნას სოფლებში და სხვადასხვა აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებს“ - თქვა ზაურ დარგალმა

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა სოფელ საიმერლოში მცხოვრები ახალგაზრდა, თეა შველიძე, რომელმაც პროგრამების წარდგენისას ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერებაზე და მათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაზე.

„მერიის მუდმივი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მარნეულის განვითარებაზე იმოქმედებს დადებითად. მე შეხვედრაზე ხაზი გავუსვი შშმ პირებთან კონტაქტის პრობლემას. ჩემს გულისტკივილს იწვევს ის, რომ თითქოს ეს ადამიანები ჩვენგან მოწყვეტილები არიან. XXI-ე საუკუნეა, სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ. ძალიან კარგი იქნება თუ მერია მათთვის იზრუნებს. რაც უფრო დავეხმარებით მათ, ისინი ჩვენ მეტად დაგვეხმარებიან იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა თანასწორები ვართ.“ - თქვა თეა შველიძემ

მარნეულის მერმა აღნიშნა, რომ ყველა მიმართულება, რაც მუნიციპალიტეტს ახალგაზრდული მიმართულებით აქვს, მასში მაქსიმალურად იქნება ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

გთავაზობთ დღევანდელი შეხვედრის ფეისბუკ ლაივს, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამები წარადგინეს:


გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები