ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მეორე მანქანას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი ბავშვები დაშავდნენ, რომელებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხეში „იმედის“ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დაშავებულ არასრულწლოვნებს შორის ერთ-ერთი მათგანის, რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის კომაში მყოფი შეიყვანეს საავადმყოფოში.

კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, არასრულწლოვნის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო. მათივე ინფორმაციით, მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ. დანარჩენი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები