"ბავშვებისათვის საქორწილო კაბის ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება არ არის გამართლებული"-ბაია პატარაია მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა, სადაც მარნეულში მდებარე ერთ-ერთი სალონის წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, არასრულწლოვან გოგოს საქორწილო კაბა ჩააცვეს, მაკიაჟი და თმებიც გაუკეთეს.
როგორც სალონის წარმომადგენელი გვიხსნის, "პატარძლისთვის" მაკიაჟის და თმების გაკეთება ერთგვარი პრაქტიკა იყო, ვინაიდან, მათ სალონში რამდენიმე გოგო პროფესიულ განათლებას
დაეუფლა და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადასცეს. ის, რომ ამ ფაქტით შესაძლოა ნაადრევი ქორწინების წახალისებას უწყობდნენ ხელს, ამაზე არ უფიქრიათ.

"ხუთი მანეკენი მყავდა, რომლებსაც თმებს ვუკეთებდი. ზუსტად არ ვიცი რამდენი წლის იყვნენ, მგონი, სადღაც 17. გვინდოდა გოგონებისთვის გვეჩვენებინა, რომ გათხოვება ერთადერთი არჩევანი არაა და მათ შემოსავლის ქონაც შეუძლიათ" - ამბობს სალონის ერთ-ერთი წარმომადგენელი

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი "ქალთა ოთახის" წარმომადგენელი რიმა ოთარაშვილიც ესწრებოდა. სწორედ მან დაგეგმა საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიების გამართვა, თუმცა როგორც ახლა გვიყვება, არ იცოდა რა ტიპის ღონისძიება დახვდებოდა. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერც რიმა ოთარაშვილი ჰხედავს მსგავს წარმოდგენაში პრობლემას, თუმცა როგორ თავად ამბობს, ადრეულ ქორწინებას ემიჯნება და მუნიციპალიტეტში გოგონების პროფესიულ განათლებაზე თავადაც ზრუნავს.

"ნამდვილად არ მეგონა, რომ შესაძლოა ის გოგო არასრულწლოვანი ყოფილიყო. სერტიფიკატები რომ გადასცეს იქ ვიყავი აჩვენეს თუ როგორ უკეთებდნენ მაკიაჟს და თმებს მანეკენებს (მოდელებს). არ ვიცოდი ამას თუ ასეთი რამე მოჰყვებოდა" - ამბობს რიმა ოთარაშვილი

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა "პატარძლის" ფოტოებმა გაღიზიანება გამოიწვია მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტებს შორის.  მაკა მენთეშაშვილი გვეუბნება, მსგავსი ფაქტები ადრეულ ასაკში ქორწინების ერთგვარი წამახალისებელი ქმედებაა. 

"მარნეული ადრეული ქორწინებების შემთხვევების მხრივ ერთ-ერთი ,,წამყვანი" რაიონია და ამის დასტურია ორი-სამი დღის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც არასრულწლოვანი გოგონას გატაცება მოხდა ,,ოჯახის შექმნის მიზნით". ნაცვლად იმისა, რომ მოზარდებს მივაწოდოთ სწორი გზავნილები და აღვკვეთოთ ამგვარი შემთხვევები, რეალურად პროპაგანდას ვეწევით და ვაჩვენებთ იმას თუ აი, რა კარგია თურმე თეთრი კაბა და გათხოვება.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა არ მოგვინელებია ადრეული ქორწინების მსხვერპლი გოგონა, რომელიც 13 წლის ასაკში გაათხოვეს და ყოფილმა ქმარმა ბავშვების თანდასწრებით მოკლა. შევდივართ სოციალურ ქსელში და  ვხედავთ, რომ პროპაგანდა ხდება ადრეული ქორწინების. ეს კი ჩემი აზრით, დანაშაულის ჩადენის ტოლფასია" -
ამბობს მაკა მენთეშაშვილი

ფაქტს  უარყოფითად აფასებს უფლებადამცველი ბაია პატარაია. 

"მარნეულში განსაკუთრებით დიდი პრობლემა არის ბავშვთა ქორწინება და ბავშვებისათვის კიდევ საქორწილო კაბის ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება არანაირად არ არის გამართლებული. ცოტა მეტი დაფიქრება გვმართებს როცა ასეთ რამეს ვაკეთებთ.  მითუმეტეს თუ მიზანი იყო უბრალოდ ვიზაჟისტის სამუშაოს ჩვენება. ბავშვისთვის არც მაკიაჟია შესაფერისი რა და არც საქორწილო კაბა. მაკიაჟის ჩვენება ჩვეულებრივადაა შესაძლებელი ზრდასრულ ქალებზე ან ახალგაზრდა გოგოებზე. როდესაც ჩვენ ვხედავთ საქორწილო კაბაში ბავშვს, პირდაპირ გვახსენდება ადრეული ქორწინების ძალიან მწვავე პრობლემა, რომელსაც მთელი საზოგადოება და პოლიციაც ცდილობს რომ დაძლიოს" - თქვა ბაია პატარაიამ. 

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, აღნიშნული შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართა. რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, ფაქტს სახალხო დამცველიც შეისწავლის.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები