„ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია
პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. ისინი პარლამენტის შენობის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობენ, რითაც მათივე თქმით, პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესებისადმი პროტესტს გამოხატავენ.

აქტივისტები არიან პარლამენტის შენობის სხვა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან.

„ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა.

„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, აქცია მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება.

„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მას შემდეგ, რაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და საზოგადოება მის გადადგომას მოითხოვდა, ამას შემდეგ პროპორციული არჩევნების ჩაგდება მოჰყვა. ახლა დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს. საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად გადაყენებული შოთაძე დაინიშნა კვლავ გენერალურ პროკურორად და ძნელად პროგნოზირებადია, რა სიურპრიზს მოაყოლებს ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება". აქცია იქნება კანონის ფარგლებში და თუ საჭირო გახდება, ეს აქციები საპარლამენტო არჩევნების დღემდეც გაგრძელდება. ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ დემოკრატიას, ელემენტარულ სამართლიან არჩევნებს“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print