Fb პოსტის გამო ცენტრ. აფრიკაში ვიზიტი გაუქმდა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის ფეისბუკის პოსტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილის დაგეგმილი ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაუქმდა.

რამდენიმე საათით ადრე მამუკა ჟღენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, ზურაბიშვილი ცენტრალურ აფრიკაში 10-დღიან ვიზიტს გეგმავდა „დიდ დელეგაციასთან ერთად“.

​პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მამუკა ჟღენტის პოსტს „უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება“.

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები“, – წერია განცხადებაში.

ადმინისტრაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, „სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ“.

„საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება“, – იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.​

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები