ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას, მერაბიშვილმა განაცხადა: "ამის გაკეთება აუცილებელია, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.

"აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად, ხოლო კონკრეტულად რა გეგმები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად რომელ პარტიაში, აუცილებლად შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ყველას. ყველას შევხვდები“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა ამოეწურა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები