სიახლე
რომან გოცირიძე - ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა ძალიან დიდი დანაშაულია
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა დანაშაულია.

როგორც რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, გამორიცხული არ არის, რომ შენობა ხელისუფლებამ დაბალ ფასში გაყიდოს.

„ვის მიყიდის მთავრობა ამ შენობას?! არასერიოზულია. ეს შენობა დაჯდა ორჯერ უფრო იაფი, ვიდრე დღეს მისი აშენებაა შესაძლებელი. თუ გაყიდიან, ვიღაცას ჩალის ფასად მიყიდიან. დიდი გამოცნობა არ უნდა, თუ ვინ, ან ვისთან დაახლოებული პირები იყიდიან. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და არ მგონია რომ გაყიდონ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ, გაიყიდება.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ „პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.“

როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია