სიახლე
კორონავირუსის გამო მთავრობა ირანთან ფრენებს დროებით აუქმებს
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს და სხვადასხვა ზომას იღებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვა იმოქმედებს ირანში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით“, – წერს სამინისტრო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ამასთან, ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის ღია დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა „დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და საქართველოს მთავრობა აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს მეზობელ ქვეყნებთან“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან“.

„მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც“, – წერს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობა აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს მიმართავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი).

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია