საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პირი.

ინფორმაციისთვის, 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.

ქვეყნის მასშტაბით საგანგეო მდგომარეობა 22 მარტს გამოცხადდა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

26 მარტს ცნობილი გახდა მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, მისი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა, რომელიც მანამდე სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა.

Print