მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი EMC-ს, სამირა ბაირამოვასა და შეიხ მირთაგი ასადოვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს, სამირა ბაირამოვასა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს რელიგიურ სამმართველოს დესტრუქციულ ძალებს უწოდებს და მათ მარნეულის მუნიციპალიტეტში რელუგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაშ ადანაშაულებს.

„მათი ქმედება ნამდვილად ემსახურება ჩვენს ხალხებს შორის ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდებას. ამ რაიონში მცხოვრები ყველა ადამინი, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა, დაადასტურებს იმას, რომ ჩვენ თანხმობას, ერთობასა და ერთსულოვნებას მოვუწოდებთ ადამიანებს. როდესაც საგანგებო ვითარება იქნა ქვეყანაში გამოცხადებული და მსოფლიოში პანდემია, სადღაც ერთი კვირის წინ ჩვენ სასამართლოდან მოგვივიდა უწყება, რომ ისინი უჩივიან მარნეულის მუნიციპალიტეტს ჩვენი ეპარქიის დაფინანსებისათვის“ - განაცხადა მეუფე გიორგიმ

სარჩელი, რომელზეც მეუფე გიორგი საუბრობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსებას შეეხება, რასთან დაკავშირებითაც EMC-მ სასამართლოს 2020 წლის თებერვლის დასაწყისში მიმართა. მაშინ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC არა მარტო მარნეულში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ცდილობს ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდებას და ისინი წლების განმავლობაში ებრძვიან მართლმადიდებლურ ეკლესიას.

„მოვუწოდებ მარნეულში მცხოვრებ როგორც ქრისტიანებს, ისე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთმანეთში თანხმობა, მითუმეტეს ამ გაჭირვების და ჟამიანობის დროს“ - გვითხრა მეუფე გიორგიმ

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ მეუფე გიორგი დისკუსიის და დასაბუთების გარეშე იმეორებს იმ რიტორიკას, რომელსაც ულტრაკონსერვატიული ძალაფობრივი ჯგუფები, მაგალითად ქართული მარშისა და ლევან ვასაძის მომხრეები, აგრესიულად ავრცელებენ მათ მიმართ. მიქელაძე მეუფეს სთავაზობს, რომ შეხვდეს მათ ორგანიზაციას და უშუალოდ მათგან გაიგოს ორგანიზაციის იდეები და ღირებულებები.

„ჩვენი ორგანიზაცია ადამინის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე მუშაობს. ჩვენი რესურსების ფარგლებში ვცდილობთ დავიცავთ ყველა ჩაგრული და ხმაწართმეული სოციალური ჯგუფის უფლებები და ინტერესები. ესენი მათ შორის არიან მშრომელები მძიმე ინდუსტრიაში, უსახლკარო ადამიანები, შშმ პირები, მძიმე ჰესების მშენებლობის რისკის ქვეშ მცხოვრები სოფლები, ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა სამართლიანობა ყველას, რაც გულისხმობს ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური დომინაციისგან თავისუფალ და თანასწორ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს ყველასთვისდა ჩვენ სხვა იდეა არ გაგვაჩნია„ - თამთა მიქელაძე

EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ უმცირესობებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. კუთვნილებისა, უფლებები, საჭიროებები და ინტერესები თანასწორად მნიშვნელოვანია. მიიჩნევს, რომ იმის გამო, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო გულგრილობას იჩენდა, საჭიროა სახელმწიფომ უფრო მეტი რესურსები და სპეციალური პოზიტიური მიდგომები გამოიყენოს მათთვის სამართლიანი გარემოს შესაქმნელად.

„ჩვენი აზრია, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები რელიგიურ ორგანიზაციებს რელიგიური მიზნებისთვის თანხებს არ გადასცემდეს და ამას ვასაჩივრებთ სასამართლოში. დიახ ჩვენ გვინდა რელიგიურად ნეიტრალური პოლიტიკა და ბიუჯეტი, უფრო დემოკრატიული, თანასწორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანია პოლიტიკური გარემოსთვის. ამ იდეას 1921 წლის კონსტიტუციას კი აღიარებდა, ისევ წარსულს რომ დავუბრუნდეთ. არ მესმის, რატომ არის რთული გასაგები ის აზრი, რომ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების აბსოლუტური უმრავლესობა, როცა მუსლიმია უთანასწოროა თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ხალხთან უშალო და ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლების რგოლიდან, მხოლოდ ქრისტიანული ეპარქიისთვის თანხების მიცემა.“ - თამთა მიქელაძე

მიქელაძე ამბობს, რომ მათ მარნეულის ქუჩების კურთხევის საკითხი არ გაუსაჩივრებიათ და იმედ იტოვებს, რომ ეს მარნეულელებმა გაიგეს.

სამირა ბაირამოვამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მათ საჩივარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ არ შეუტანით.

„სამწუხაროდ საჩივარს შინარსი არ იციან. ჩვენ მხოლოდ სახელმწიფოს ვთხოვთ საჯარო ინტერესების და კონსტიტუციური პრინციპების დაცვას. მე მარნეულის ჰუჯაბის გვერდზე დავინახე ცრუ ინფორმაცია და სოციალურ ქსელში გავაკეთე კომენტარი, თვითონ ჰუჯაბმა შეიყვანა შეცდომაში მოსახლეობა. არც ქუჩების კურთხვაზეა საუბარი არც სხვა საკითხებზე. ამიტომ კარგი იქნება თუ მეუფე დააზუსტებს დეტალებს და ისე გააკეთებს განცხადებას.

მე პირადად დავურეკე გიორგი ჯამდელიანს როდესაც მათ გვერდზე ეს ცრუ ინფორმაცია დავინახე. სამწუხაროდ არ მიპასუხა. მინდა ვთხოვო ყველას თავი შევიკავოთ მსგავსი გამცხადებისგან.“
- გვითხრა სამირა ბაირამოვამ

სამირა ბაირამოვას თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ შეწყდეს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება და გამოთავისუფლებული თანხა შშმ პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს მოხმარდეს.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი, სეიდ მირტაგი ასადდოვი რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის 400 000 ლარით დაფინანსება, ხოლო მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციებისათვის 10 000 ლარის გამოყოფა, დისკრიმინაციულია.

„ჩვენ ჩვენს ქვეყანაში -საქართველოში არაფრით არ ვუჭერთ მხარს რელიგიურ დისკრიმინაციას, არამედ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ თავად ვხვდებით ასეთი მოქცევის მსხვერპლნი. არადა, როგორც მუსლიმურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ რელიგიათა და კონფესიათა დიალოგისთვის პირველებმა გადავდგით ნაბიჯები, მარიამობისას პირველებმა სწორედ ჩვენ დავიწყეთ მარნეულისა და თბილისის ეკლესიებში, სადაც კი ხელი მიგვიწვდა, მილოცვა და მილოცვის ნიშნად ვარდების დარიგება. ასევე არაერთხელ გამოვსულვარ ეკლესიაში სიტყვით, სადაც მეგობრობასა და თანასწორობაზე მილაპარაკია. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა გვერდით მაშინ დავმდგარვარ, როცა მათ ძალიან გასჭირვებიათ.“
- შეიხი სეიდ მირტაგი ასადოვი

მირტაგი ასადოვი აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა და ამას საკუთარ თავზე, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად, მუსლიმებიც გრძნობენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები