მძღოლებისთვის ჯარიმის და საურავის გადახდა გადავადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია.
ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას. გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების
ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.


“ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული
წესით მოხდება. ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდის ვადებს”,
– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ დაჯარიმდებიან.

წყარო: ნეთგაზეთი
Print