სპეციალური საჭიროების მქონე პირები მარნეულში ხელისუფლებას არ გახსენებია
არავინ იცის, მარნეულში სპეციალური საჭიროების მქონე პირებმა იციან თუ არა, რომ კარანტინში ცხოვრობენ. ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია, რომ ყრუთა კავშირის 35 ბენეფიციართა უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება ციფრულ ტექნიკაზე, შესაბამისად, არც ინფორმაციაზე. მათთან არავინ მისულა, არ გაუფრთხილებია საგანგებო მდგომარეობისა და არსებული საფრთხის შესახებ. ისინი არც პროდუქტით მოუმარაგებიათ.

მარნეულის ყრუთა კავშირის სურდო თარჯიმანი ემა ოსიპენკო განიცდის, რომ თითქმის არაფერი იცის ბენეფიციარების შესახებ, მას ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარების იმედი აქვს.

„ მე თვითონაც პრობლემა მაქვს და ვერ ვუკავშირდები ბევრ ჩვენს ბენეფიციარს. ზოგიერთს არც კომპიუტერი, მობილური და ინტერნეტი აქვს - დაახლოებით შვიდს თუ ველაპარაკე. ზოგიერთს, ვისაც ვუკავშირდები, პროდუქტის პრობლემა აქვს ზოგს შესაძლოა წამლები სჭირდება. არც მაქვს ინფორმაცია, ვინ როგორ მდგომარეობაშია. თუ გაიგეს ნეტავ კარანტინში რომ ვართ და ასეთი პრობლემებია ქვეყანაში? არიან ისეთი ყრუ-მუნჯი ოჯახები, რომლებსაც მოლაპარაკე არავინ ჰყავთ. მე თვითონაც ზუსტად არ ვიცი რა მდგომარეობაა მათ ოჯახებში. ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას“

საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი მაია მეტონიძე მიიჩნევს, რომ მარნეულელი ბენეფიციარები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან და ყურადღებას საკომუნიკაციო რესურსების აუცილებლობაზე ამახვილებს.

„ამ ადამიანებისთვის ახლა ჯანმრთელობის დაცვაა პრიორიტეტი. ძალიან მოწყვლად ჯგუფია ეს დაავადება, პანდემია განსაკუთრებულია იმით, რომ სჭირდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. ეს ადაინები თუ ცუდად გახდებიან ან ვინ დარეკავს სასწრაფოში, ან თარჯიმანს როგორ დაუკავშირდებიან. საჭიროა ტექნოლოგიური დახმარება, მაგრამ ეს არ არის ფუფუნების საგანი მათთვის. ეს არის, როგორც ეტლი ეტლითმოსარგებლისთვის. ამათ ინფორმციული ვაკუუმიც აქვთ და პლიუს გადაადგილების შეზღუდვაც“.

ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივიან სხვა შშმ პირები. მარნეულში მცხოვრებ მურად ლომსანიძეს გული სწყდება, რომ ასეთ რთულ ვითარებაში არავის გაახსენდა მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დიდი ხანია იბრძვის და მარნეულში ისედაც ვერ იღებს იმ მომსახურებას, რასაც თბილისში. მაგრამ ახლა, როცა თვითმმართველმა ორგანომ 1000 ადამიანზე მეტს მიაკითხა, ხოლო მათ შორის არ არიან სპეციალური საჭიროების მქონე პირები, განსაკუთრებით გულნატკენია. მარნეულის მერს სოციალურ ქსელში მიმართა და დაინტერესდა, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, რომელიც ამ ვითარებაში ,,შშმ" პირებზე მზრუნველობასა და მათი სიცოცხლის უფლების დაცვას გულისხმობს.

„არსად არავის, არცერთ მაღალი თანამდებობის პირს, სახელმწიფო მუშაკს არ უხსენებია შშმ პირები. მართლა გულდასაწყვეტია. ნუთუ ეს ადამიანბი ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. მივმართე კიდევაც ადგილობრივ თვითმმართველობას, პოსტი დავწერე, მაგრამ არავინ გამომხმაურებია“.

რადიო "მარნეულმა" საკითხის გარკვევა მარნეულის მერიაში სცადა. მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე აბობს, მზად არიან მხარი დაუჭირონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და არსებული რესურსების მეშვეობით, მათი საჭიროებები მაქსიმალურად გაითვალისწინონ.

„მუნიციალიტეტს აქვს პროგრამულად გათვალისწინებული სახსრები შშმ პირებისათვის. რაც შეეხება დახმარებას, ჩვენ ვმუშაობს იმ კონკრეტულ შშმ პირის სიებზე , რომლებიც რეალურად საჭიროებენ დახმარებას. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ დახმარებას როგორც სურსათით ასევე შესაძლებელია მედიკამენტებითაც დავეხმაროთ. ჩვენ გვექნება ამ კონკრეტულ საკითხე მათთან კომუნიკაცია, შესაძლებლობის ფარგლებში და აუცილებლობის შემთხვევაში დავეხმარებით. მათ შორის განვიხილავთ ტექნოლოგიების საჭიროების საკითხსაც“, - ამბობს ლაშა ლობჯანიძე.

უკვე ათი დღეა მარნეული მკაცრი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, სპეციალური საჭიროების პირებისთვის კი ეს ინფორმაცია არავის მიუწოდებია. შესაბამისად, მათი ჯანმრთელობა საფრთხეშია. შშმ პირების დიდი ნაწილი, ასევე, მძიმე სოციალურ პირობებს ებრძვის, რაც კორონავირუსმა კიდევ უფრო დაამძიმა. ბევრ მათგანს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენაც არ შეუძლია, ამიტომაც საჭიროებენ მერიისგან დროულ ყურადღებას და დახმარებას.

ფოტო: მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარები

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები