ქვემო ქართლში უფრო რთული ვითარებაა ვიდრე სხვა რეგიონებში - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი დაავადების შემთხვევებისა, ქვემო ქართლი ამ დრომდე კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე რთულ რეგიონად რჩება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ Media Literacy Ambassadors-თან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ყურადღება კვლავ ქვემო ქართლისკენაა მიმართული.

"ჯერ-ჯერობით სიტუაცია უფრო რთულია ქვემო ქართლში, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში, თუმცა მსოფლიო სიტუაცია გვიჩვენებს, რომ დაზღვეული არავინ არ ვართ, სხვა რეგიონებშიც დაიწყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტი ყურადღება ისევ ქვემო ქართლზეა. ყველაზე სამწუხარო იყო გარდაცვალების შემთხვევა, ჩვენ ბოლნისის კლასტერს ვეძახით ამ შემთხვევას. მთავარია, რომ ადამიანებმა გაითავისონ, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ თავიანთი ოჯახის წევრებისათვის. პანიკა კი არ უნდა ამას, ამას უნდა სიფრთხილე. მეზობელთან რომ გადადის ადამიანი ეს უკვე საფრთხეა, როდესაც ის ეურთიერთობება ოჯახის წევრებს ესეც საფრთხეა, როდესაც ის გარეთ გადის და შემოდის სახლში ესეც საფრთხეა." - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ

იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლისა და სახლიდან გასვლისაგან.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები