ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში 50 თეთრად გაიყიდება
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, დღეიდან ქართული წარმოების დოლბანდის მრავალჯერადი პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე საუბარია 400 000 პირბადეზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება 4 სააფთიაქო ქსელში: ავერსი, ფარმადეპო, პეესპე და ჯიპისი.

“ყველაზე გვიან შაბათს ამ აფთიაქებში შესაძლებელი იქნება ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა”, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალო კომპანიები უფასოდ კერავენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ნედლეულის მობილიზება უწევს და თითო პირბადის შეკერვა 1 ლარზე მეტი უჯდება, მაგრამ სააფთიაქო ქსელებში პირბადეები სუბსიდირებულ ფასად – 50 თეთრად გაიყიდება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აფთიაქები შეთანხმებული არიან ლიმიტზე და თითო ადამიანი 3 პირბადის შეძენას შეძლებს. ამავდროულად, თურნავა განმარტავს, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დამზადებული დოლბანდის პირბადის გარდა, სააფთიაქო ქსელებში სხვადასხვა ფასად კომერციული პირბადეებიც გაიყიდება.

წყარო: ნეთგაზეთი
Print