მარნეულის მერიის სარეზერვო ფონდიდან, ამ ეტაპზე, 90 000-მდე ლარია დახარჯული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსებიდან, ამ ეტაპზე, 90 000-მდე ლარი დახარჯა.

რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებსასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტმა 90 000-მდე ლარი მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პროდუქტების შესაძენად დახარჯა.

მერიაში ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ რა ღირს ერთი პაკეტი, რომელშიც ძირითადად ფქვილი, პური, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი და პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები შედის.

„მერიას ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც პროდუქტებს სხვადასხვა ფასად გვაწვდის, ამიტომ, ამ ეტაპზე ერთი პაკეტის ღირებულების თქმა რთულია“ - გვითხრა მარიამ ხაჩიძემ

მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ამ ეტაპზე მერიამ 7 700-მდე პაკეტი გასცა.

კორონავირუსის პრევენციისათვის მარნეულის მერიის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოიყო.

30 მარტს, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გააკეთა განმარტება, თუ ვინ მიიღებს დახმარებას მარნეულის მერიისაგან.

„ჩვენ ვეხმარებით მარტოხელა მოხუცებს, ვისაც არააქვს შესაძლებლობა რომ გავიდნენ სახლებიდან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, რომელთა სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუქმებულია და არსებულ ვითარებაში რთულ სიტუაციაში არიან. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაკარგა სამსახური და მცირე, ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდა. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც იძულებით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები