მარნეულის მერიას 1 000 სოციალური პაკეტი დარჩა დასარიგებელი - ზაურ დარგალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ ეტაპზე, 8 200 სოციალური პაკეტი გასცა. მარნეულის მერი ზაურ დარგალი განმარტავს, რომ თითოეული პაკეტის ღირებულება, რომელშიც პირველადი საჭიროების პროდუქტები შედის, 20-დან 30 ლარამდე მერყეობს. ერთ პაკეტში შედის, დაახლოებით, 1,8 კგ მაკარონი, 1 კგ ბრინჯი, 1 კგ შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, 1 შეკვრა ჩაი, 4-5 კგ ფქვილი და 2 პური.



მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოციალური პაკეტების შესაძენად 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი დახარჯა.

„ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მუშაობდნენ და დაკარგეს სამუშაო, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე სოციალურ დახმარებას იღებდა და შემდგომ გაუუქმდა დახმარება, ის ადამიანები ვინც თვითიზოლაციაში იყვნენ და ასევე მარტოხელა მოხუცები, ვისაც სახლიდან გარეთ გასვლა არ შეუძლია, თუმცა ჩვენ ასევე დავეხმარეთ სხვა კატეგორიის ადამიანებსაც, რადგან მათგან მოთხოვნა იყო. ეს შეიძლება ყოფილიყვნენ პენსიონერები ან ადამიანები ვინც იღებენ სოციალურ დახმარებას, მაგრამ ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ა.შ“ - გვითხრა მარნეულის მერმა

27 აპრილს მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ 8 200 სოციალური პაკეტიდან 7 500 პირველადი დახმარებაა, ხოლო დანარჩენი მეორეული ან მესამეული დახმარება.

მარენულის მერი რადიო „მარნეულთან“ განმარტავს, რომ იმ პირთა განსაზღვრა, თუ ვინ მიიღებდა მერიისაგან განმეორებით დახმარებას ადგილზე მერიის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა.

„სტანდარტულად მიდის ყველა ოჯახში დახმარება. ერთ ოჯახს ერთი პაკეტი გადაეცემა“ - გვეუბნება მარნეულის მერი

მერიას ამ ეტაპზე 1 000 სოციალური პაკეტი დარჩა დასარიგებელი. მარნეულის მერი ამბობს, რომ ჯერ არაა განსაზღვრული თუ ვის დაურიგდება დახმარება, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ინფომაციას მიაწვდის მერიას სოფლის რწმუნებულები.

ბოლო 1 000 სოციალური პაკეტის შემდგომ მარნეულის მერიამ დახმარებების გაცემა, შესაძლოა, შეწყვიტოს. გაგრძელდება თუ არა მოსახლეობის პირველადი საჭიროებების პროდუქტებით დახმარება სამომავლოდ განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

რადიო „მარნეული“

Print