მარნეულში „ხმოვანი მანქანების“ სიარული კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის გამო განახლდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში „ხმოვანი მანქანები“ კვლავ ივლიან. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა დღეს, 4 მაისს, განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში სამენოვანი „ხმოვანი მანქანა“ დადის, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას აწვდიან ინფომრაციას მუნიციპალიტეტში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეულისათვის“ ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო მანქანების მოძრაობა მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ შეწყდა.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტში „ხმოვანი მანქანების“ გადაადგილების შეწყვეტაზე გადაწყეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით მანქანით გადაადგილება აკრძალული გახდა. ხოლო ახლა, მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობისა და კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის გამო, მუნიციპალიტეტმა „ხმოვანი მანქანების“ მოძრაობა აღადგინა.

2 მაისს, მარნეულის მერიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მარნეულში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო. რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა მერია დამატებითი შეზღუდვების დაწესებას მარნეულის მერმა გვიპასუხა, რომ მუნიციპალიტეტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომ დახურულ სივრცეებში მოქალაქე პირბადით უნდა იყოს და სხვა რეკომენდაციები, რაზეც ჩვეულებრივად მიმდინარეობს მუშაობა. თუ დარღვევა იქნება იმ კანონების, რაც გათვალისწინებულია საგანგებო სიტუაციების ფარგლებში, შესაბამისი რეაგირებები ხდება“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

დღეს, 4 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრამ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის ინფორმაირებულობა უნდა გააორმაგს.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

რადიო "მარნეული"


Print