სიახლე
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ 1-ლი ივლისიდან უცხოელ სტუმრებს ვუმასპინძლოთ
ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენ 1-ლი ივლისიდან ვუმასპინძლოთ უცხოელ სტუმრებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მუშავდება ტურიზმის სექტორისთვის განკუთვნილი კონკრეტული გაიდლაინები, რომელებიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. მისივე განცხადებით, პოსტკოვიდურ ეპოქაში, გლობალურად და არა მხოლოდ საქართველოში, ტურიზმის ინდუსტრია ახალ მოთხოვნებსა და თავისებურებებზე გადაეწყობა, რაც მათ შორის გულისხმობს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე ფოკუსირებას. ამასთან, მოთხოვნადი გახდება ისეთი სახეობის ტურისტული პროდუქტები, რომელიც ადამიანებს უსაფრთხო გარემოს და დაცულ ეპიდემიოლოგიურ ნორმებს შესთავაზებს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ გამოწვევებსა და ახალ ტენდენციებს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მეტად მომზადებული ხვდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ უნიკალური გამოცდილება შეიძინა სამედიცინო გაიდლაინებისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების წარმატებით დაცვის მხრივ. ეს ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა, მეორე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა კი, რაც აქამდე გაგვაჩნდა, მაგრამ ახლა მეტად მოთხოვნადი იქნება, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებებია, რომელიც ადამიანების გარე სივრცეში, გაშლილ ტერიტორიაზე ყოფნას უკავშირდება ჩვენი მდიდარი ბუნების წყალობით. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ძალიან დივერსიფიცირებულია ტურისტული პროდუქტები და უცხოელ ტურისტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები, სათავგადასავლო ტურიზმი. ასევე მუშავდება მწვანე ზონების კონცეფცია. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მსოფლიომ ხელახლა გაგვიცნოს არა მხოლოდ როგორც მდიდარი ისტორიის, უნიკალური ბუნებისა და უძველესი ტრადიციების ქვეყანა, არამედ საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი,“
- აღნიშნა მინისტრმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია