სიახლე
ბოლნისის რაიონის 2 სოფელში პრაქტიკულად იტალია ხდება – იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია პროპორციულად იტალიის მდგომარეობას უტოლდება. ამის შესახებ იმნაძემ გუშინ, მთავრობის წარმომადგენლებთან და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ბოლნისის რაიონში არის ორი სოფელი, სადაც სიტუაცია არის ძალიან მძიმე. ვიტყოდი, რომ პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ იტალია ხდება დაახლოებით. მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აქ სიტუაციის კონტროლი მითუმეტეს საგანგებო სიტუაციის გაუქმების შემდეგ, მერე რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს კონტროლი ამ ორ სოფელში”, – განმარტა იმნაძემ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გუშინ, 21 მაისს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილეს ის სამედიცინო ღონისძიებები, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ორ სოფელში ახორციელებენ. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ორივე სოფელში მიმდინარეობს აქტიური თერმოსკინინგი და ტესტირება.

მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან სოფლებში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულების კონტროლზე. ასევე შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმით ჩაკეტილ სოფლებთან მიმართებაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შესაბამის გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია