სიახლე
ვერავინ შეუშლის ხელს ადამიანზე ზრუნვისთვის საჭირო შეზღუდვების გაგრძელებას — გახარია
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც მთავრობას ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის სჭირდება. ამ თემაზე გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს, იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს, პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაზე", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავრობამ პანდემიისას ადამიანზე ჯანმრთელობის ზრუნვას თავი გაართვა, რაც საბჭოს დიდი დამსახურებაა. მისი თქმით, ახლა საკოორდინაციო საბჭო ეკონომიკის გახსნის მიმართულებით იბრძვის.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის პირველი მოსმენა და პირველი კენჭისყრა 21 მაისს პლენარულ სხდომაზე გაიმართა, ხოლო, სავარაუდოდ, დღეს 22 მაისს, მეორე და მესამე მოსმენა იქნება, შემდეგ კი საბოლოო კენჭისყრა.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია