მარნეულის სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შეფასების ახალ წესზე
მასწავლებლებს წლიური ნიშნების გამოთვლა განსხვავებული წესით მოუწევთ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიცვალა მოსწავლეთა შეფასების წესი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით იყო განსაზღვრული. ცვლილება სწავლების ახალ მოდელზე გადასვლამ გამოიწვია. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებელი თემურ სუყაშვილი ამბობს, განათლების სამინისტროსგან მოსწავლეთა შეფასების რამდენიმე ალტერნატივა მიიღეს. პედაგოგი ფიქრობს, რომ ამ პროცესს გარკვეულწილად ფორმალური სახეც აქვს იმ მოსწავლეებთან მიმართებით, რომელებიც დისტანციურ სწავლებაში ჩართვას ვერ ახერხებენ.

„არიან მოსწავლეები, ვისაც ინტერნეტზე არ აქვს წვდომა და ტექნიკურ საშუალებებზე. ამ შემთხვევაში ჩემი გამოცდილება ასეთია, რომ მათ თანაკლასელს (მეზობელს) ვთხოვდი მიეცათ მათთვის (მოსწავლეებისთვის) ის დავალება რაც გვქონდა. თუმცა ისეთი სასწავლო წელი გამოგვივიდა საერთო ჯამში , რომ მე უსამართლოდ მიმაჩნია რომელიმე მოსწავლეს არადამაკმაყოფილებელი ქულა დავუწერო და საშემოდგომო გამოცდაზე გავიყვანო. პანდემიამ მთელი მსოფლიოს გრაფიკი და ცხოვრება შეიცვალა“

სუყაშვილის მსგავსად ერთგვარ ფორმალურ ხასიათზე საუბრობს სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის მასწავლებელი მაკა მენთეშაშვილი. პედაგოგი ამბობს, რომ სწავლების ახალ მოდელში მოსწავლეების სრული რაოდენობა ჩართვას ვერ ახერხებს.

„დისტანციურად შეფასება არ იქნებოდა პრობლემა , თუ ჩართული იქნებოდა ყველა მოსწავლე. რადგან აქ ჩართული არ არის ყველა მოსწავლე, ცოტა რთულია. ახლა რა რეკომენდაციებიც გვაქვს იმის მიხედვით არის, რომ წინა სემესტრის ქულას ემატება მორე სემესტრში რამდენი კვირაც ჩავატარეთ - ეს ქულები ანგარიშდება და მათი საშუალო არითმეტიკულით იწერება შემაჯამებელი ქულა. ვფიქრობ, მხოლოდ დისტანციური სწავლებით შეფასება ობიექტური არ იქნება.

მარნეულის N2 საჯარო სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი, გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ მოსწავლეების ახალი სქემით შეფასება არ გაუჭირდება.

„ასეთი შეფასება პრინციპში არ მიმაჩნია პრობლემა . შესაბამისად, მე ვისაც ვასწავლი, ყველა იმსახურებს დადებით შეფასებას და გადავა შემდეგ კლასში“

აღსანიშნავია, რომ მარნეულის სკოლებში სწავლების ახალ მოდელზე გადასვლამ ბერი პრობლემა გამოკვეთა, მათ შორის ინტერნეტიზაციის, ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობის, საზოგადოების ნაწილის კომპიუტერთან მუშაობის სუსტი უნარ-ჩვევების. ამ ყველაფერმა მშობლების პასუხისმგებლობა გააორმაგა და ბევრ მათგანს მძიმე ტვირთად ექცა.  2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება.


Print