სიახლე
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს ეხმაურება.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ქართული მხარის ბრალდება კრემლისტურ დეზინფორმაციასთან დაკავშირებიტ პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ლუგარის ცენტრის ბაზაზე მიმდინარე სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობებისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.

მოსკოვი მიესალმება ქართული მხარის მზაობას, რუსმა პროფილურმა ექსპერტებმა მოინახულონ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების ფარგლებში, თუმცა ამბობს, რომ კონვენციის ფარგლებში “არბიტრაჟის” განხორციელების ერთადერთი ინსტრუმენტია წევრი სახელმწიფოების ვალდებულება, ითანამშრომლონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის შესრულებას შეეხება.

“რუსი ექპერტების მიერ ბიოობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ვხედავთ მხოლოდ ლაბორატორიის ყველა (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ) კორპუსში და ნებისმიერ დოკუმენტზე დაშვების გარანტიის შემთხვევაში. სწორედ ასეთი ფორმატი უზრუნველყოფდა რეალური შემოწმებას. არ ვაპირებთ მონაწილეობას პიარ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის სამხედრო უწყების ბიოლოგების მიერ რუსეთის საზღვართან ახლოს წარმოებული საქმიანობის რეალური მიმართულებების დაფარვას. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე”,
– აცხადებს რუსეთსი საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, 2008 წლის 14-15 ნოემბერს უცხოელი ექსპერტების ჯგუფის მიერ ლაბორატორიის მონახულებას არ აქვს კავშირი ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის შესრულებასთან და არ ყოფილა გაცემული პასუხი მთავარ კითხვაზე, რატომ ფინანსედა საქართველო ჯანდაცვის სისტემაში არსებული ლაბორატორია ამერიკელი სამხედროების მიერ.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე. მოსკოვთან დაკავშირებული აქტორები და რუსეთის ოფიციალური უწყებები შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე საუბრობენ.

მიმდინარე წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსგან ელის პასუხს ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვებასთან დაკავშირებით, რადგან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის ნაკლებობით ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია