ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, დღეს მოსახლეობას
გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს,
მუშევანში ეპიდემიოლოგების 9 ჯგუფი იმუშავებს და საკვლევ მასალას
500-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს აუღებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი კორონავირუსის დაფიქსირების
შემდეგ 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი დაწესდა. სოფლის
შესასვლელში ბლოკპოსტია მოწყობილი და ადგილზე დაწესებულ შეზღუდვებს
სამართალდამცავები აკონტროლებენ.
მუშევანში “კოვიდ19”-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ბოლო
მონაცემებით, 56-ია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსით
ინფიცირების 165 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 76 გამოჯანმრთელდა,
3 კი გარდაიცვალა.