ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან
დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის
გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების
სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა
მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.
დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის
კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების
ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. უნდა მოხდეს
დისტანციის დაცვა. მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის,
ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1
ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში
მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.
ამასთან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან
შემოსული ჰაერით.