მარნეულის 84 სოფლიდან 55-ში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, გარე განათება მოეწყობა
მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 84 სოფელია. 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში 84-ვე სოფელი ჩაერთო. მარნეულის მერიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებდნენ და „სოფლის კრებებზე“ განსახორციელებელ პროექტებს განსაზღვრავდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულის 84 სოფლიდან 55-ში მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც თავად სოფელი ირჩევს, თუ რა პროექტი განახორციელოს.

„როდესაც ესეთი შემთხვევაა, როდესაც სოფლების 60-70%-ში ერთგვაროვან გადაწყვეტილებას იღებენ აქ უკვე საფუძელი გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, რომ მთავრობის დადგენილება არ სრულდება და პროცედურებს არ მიყვებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები პრიორიტეტების არჩევის დროს“ - ამბობს კოტე კანდელაკი

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლებში იმ პროექტების განხორციელება გადაწყვიტეს რაც მათთვის იყო მისაღები.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მარნეულში „სოფლის კრებები“ ჩატარდა.

თითოეულ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 10000, 12000 ,16000 და 20000 ლარი შეიძლება ჰქონდეს. სოფლის კრებების ჩატარება მოსახლეობის გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019“-ით გათვალისწინებული პროექტებისათვის ცენტრალური ხელისუფლებიდან 1 232 000 ლარია გამოყოფილი, მუნიციპალიტეტმა კი გარკვეული პროექტების თანადაფინანსებისათვის 234 000 ლარი გამოყო.

ფოტო: მარნეულის სოფელ ნორგიულში გამართული "სოფლის კრება"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები