ღია კაფეებს მუნიციპალური სივრცის გამოყენება შეეძლებათ – კალაძე
კახა კალაძე ამბობს, რომ ღია კაფეებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე ფუნქციონირებენ, დამატებითი მუნიციპალური ფართის გამოყენება შეეძლებათ.

კალაძე განმარტავს, რომ პირველი ივნისიდან ღია კაფეებს ფუნქციონირება შეუძლითათ, თუმცა, მხოლოდ გარკვეული წესებისა და შეზღუდვების დაცვით.

მათ შორის, არის მაგიდებს შორის დისტანციაც, რის გამოც, კაფეებისა თუ რესტორნების მფლობელები, იმდენ მაგიდას ვეღარ განათავსებენ, რამდენიც კორონავირუსის პანდემიამდე ჰქონდათ.

„ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულნი არიან მუნიციპალური სივრცეებზე შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით, ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა,“ – ამბობს კალაძე და ამატებს, რომ მიუხედავად ამ შეღავათისა, კაფეებისთვის ყველა რეკომენდაციის დაცვა კვლავ აუცილებელია.

„ეს არის დროებით ღონისძიებები, მანამ, სანამ ამ რთულ ვითარებაში ვართ,“ – ამბობს კალაძე.

ღია კაფეების გახსნის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური რეკომენდაციების ნუსხა შეიმუშავა, რომელთა დაცვა, არამხოლოდ ობიექტის მფლობელებს, არამედ სტუმრებსაც მოუწევთ.

რეკომენდაციები რამდენიმე ნაწილად იყოფა, მათ შორის, არის მომხმარებლის წინასწარ ჩაწერა, დარბაზში მაგიდების დისტანცირებულად განლაგება, ერთჯერადი გადასაფარებლები და მენიუები, ბარმენებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, სასმლის მაგიდებთან მიტანა და სხვა.

წყარო: ნეთგაზეთი
Print