ტელეკომპანია
“მთავარი არხის” ინფორმაციით,
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტს ტოვებს. აღნიშნულს მთავრობის
ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.
ტელეკომპანიის თანახმად, გადადგომა გახარიას
“ქართული
ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 1-ელ
ივნისს გამართულ შეხვედრაზე მოსთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო.
“ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი
გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ
იქნება, საბოლოოდ მიღებულია”, – წერს ტელეარხი.
ტელეკომპანიის ცნობით, გახარია უახლოეს ხანებში დატოვებს პოსტს.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მთავრობის
ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ პრემიერს
“ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს”.
“პრემიერ-მინისტრი იმყოფება სამსახურში და აქვს სამუშაო
დღე, მართავს სამუშაო შეხვედრას ისევე, როგორც სხვა დანარჩენ
დღეებში”, – აღნიშნეს უწყებაში და არ დაადასტურეს, რომ
გახარია თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად გასული წლის სექტემბერში
დაინიშნა.