მთავრობაში გახარიას გადადგომის ცნობას უარყოფენ
ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტს ტოვებს. აღნიშნულს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

ტელეკომპანიის თანახმად, გადადგომა გახარიას “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 1-ელ ივნისს გამართულ შეხვედრაზე მოსთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო.

“ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია”, – წერს ტელეარხი.

ტელეკომპანიის ცნობით, გახარია უახლოეს ხანებში დატოვებს პოსტს.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ პრემიერს “ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს”.

“პრემიერ-მინისტრი იმყოფება სამსახურში და აქვს სამუშაო დღე, მართავს სამუშაო შეხვედრას ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დღეებში”, – აღნიშნეს უწყებაში და არ დაადასტურეს, რომ გახარია თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები